30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზაციის „აინ რენდის ცენტრი საქართველო“ საქმის განხილვა იწყება. სასამართლომ უნდა შეაფასოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ცენტრს უკვე მიღებული გრანტის გამოყენებაზე უარი ეთქვა „ეროვნულ ინტერესებთან“ შეუსაბამობის მოტივით. საქმეს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი განიხილავს.

ცენტრმა უარი 2026 წლის 8 აპრილს, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციას არ დაუსაბუთებია, კონკრეტულად რატომ არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ლექციებს, წიგნის კლუბებსა და არაფორმალურ შეხვედრებს აინ რენდის ფილოსოფიის, პირადი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის იდეების შესახებ.

ორგანიზაციამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და წარადგინა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის დაკმაყოფილებაც მას პროექტის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემდა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც ცენტრს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ფაქტობრივად ჩამოერთვა. შედეგად, ასობით მოქალაქეს ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა შეეზღუდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საპროცესო ვადები და მოსარჩელეს პასუხი რამდენიმეთვიანი დაგვიანებით აცნობა.

ეს საქმე ცხადყოფს, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ „გრანტების შესახებ“ კანონს იდეების გასაკონტროლებლად. მმართველი რეჟიმი საბჭოთა პრაქტიკას უბრუნდება: თვითნებურად წყვეტს, თუ რომელი იდეების გავრცელება შეესაბამება „ეროვნულ ინტერესებს“, ხოლო დამოუკიდებელ ორგანიზაციას საქმიანობის უფლებას სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ართმევს. სასამართლოს ახლა სწორედ ამ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება მოუწევს.

ორგანიზაციის „აინ რენდის ცენტრი საქართველო“ ინტერესებს სასამართლოში საქართველოს მომავლის აკადემია იცავს, რომელიც გამოიყენებს ყველა შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.