ივანიშვილის რეჟიმმა რეპრესიის მორიგი ტალღა წამოიწყო, რომლის ერთ-ერთი სამიზნე ოთხ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს მომავლის აკადემია გახდა.
რეჟიმისადმი დაქვემდებარებული რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო პუტინის რუსეთის სტილში ჩვენგან ითხოვს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაციის მათთვის გადაცემას, მათ შორის ჩვენი პროექტების ათასობით მონაწილის: არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და საარჩევნო დამკვირვებლების სახელებსა და გვარებს, პირად ნომრებს, ფოტო-ვიდეო მასალას და სხვა პირად ინფორმაციას.
ჩვენთვის აშკარაა, რომ რეჟიმის მორიგი რეპრესიული ქმედება მიმართულია თავისუფალი ადამიანების და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთაც სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება.
საქართველოს მომავლის აკადემია არც აქამდე ემორჩილებოდა რუსულ კანონებსა და არც სამომავლოდ აპირებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ რეპრესიულ გარემოსთან შეგუებას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია რეჟიმთან ნებისმიერი თანამშრომლობა, მათ შორის მათთვის რაიმე ტიპის ორგანიზაციული და პირადი მონაცემების გადაცემა. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას ჩვენი ბენეფიციართა უფლებების და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.