საქართველოს მომავლის აკადემიამ გამარჯვება მოიპოვა 2025 წლის 12-13 ნოემბერს ნიუ-იორკში გამართულ „თავისუფლების ფორუმსა“ და “თავისუფლების ვახშამზე”, სადაც მსოფლიოს მასშტაბით შერჩეული ექვსი ფინალისტი ორგანიზაცია მონაწილეობდა.

Templeton Freedom Award არის Atlas Network-ის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც გადაეცემა ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თავისუფლების იდეის დაცვაში და მიაღწიეს გამორჩეულ შედეგებს ინდივიდუალური და ეკონომიკური თავისუფლების განმტკიცების გზაზე.

ჩვენ ამ ჯილდოს ვუძღვნით საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი სინდისის პატიმრებს, რომლებმაც პირადი თავისუფლება დათმეს სამშობლოსთვის. ამავდროულად, ამ აღიარებას ვუძღვნით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე იცავენ არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას.

ჩვენთვის უდიდესი პატივია ჩვენი საქმიანობისა და მიღწევების საერთაშორისო დონეზე აღიარება. ეს გამარჯვება აძლევს მოტივაციასა და პასუხისმგებლობას ჩვენს გუნდს, განვაგრძოთ ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომელშიც დაცული იქნება ინდივიდუალური და ეკონომიკური თავისუფლებები და სამართლის უზენაესობა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდის თითოეულ წევრს, მოხალისეს, დამკვირვებელს, ლექტორსა თუ მხარდამჭერს — თქვენი თავდადების გარეშე ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა.

ბრძოლა გრძელდება!