საქართველოს მომავლის აკადემიამ რუსული დეზინფორმაციისთვის სანქცირებულ ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 29 აპრილს მიმართა და მოითხოვს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო.
საჩივარი ეხება 20 აპრილს საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში გაშვებულ სიუჟეტებს, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის და ტელეკომპანია “იმედის” ტყუილს, თითქოს მათში საქარველოს მომავლის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სინამდვილეში კი ჩვენი ორგანიზაციის არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა ჩართული სიუჟეტებში ნახსენებ ტრენინგებში.
ამავდროულად, ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენლებს არ ჰქონიათ რაიმე სახის კომუნიკაციის მცდელობა საქართველოს მომავლის აკადემიის ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არც სატელეფონო ზარით და არც წერილობით. ტელეკომპანიის წარმომადგენლები არც ჩვენს ოფისში გამოჩენილან. შესაბამისად სიუჟეტებში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ “თავს ვარიდებდით კითხვებს”, ან “არ ვპასუხობდით სატელეფონო ზარებს” არის ტყუილი.
ამავდროულად, საქართველოს მომავლის აკადემია კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი ხელმძღვანელობის მზაობას პირდაპირი ეთერის ფორმატში უპასუხოს ტელეკომპანია “იმედის” ნებისმიერ შეკითხვას.
საქართველოს მომავლის აკადემია აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ კონტროლირებული პროპაგანდისტული სანქცირებული ტელევიზიების მიზანმიმართული ცილისმწამებლური ბრალდებები და გეგმავს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქართული ოცნების ავტორიტარული მისწრაფებების საპირწონედ საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფლების კერები და ახალგაზრდებს მიეცეთ ევროპული სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა.