საქართველოს მომავლის აკადემია ეხმაურება ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტისა და ჩვენი პროექტის, ფენიქსის ორდენის, კურსდამთავრებულის სერგეი ყანჩელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ და სოლიდარობას უცხადებს მას. მოვითხოვთ, საქართველოს პროკურატურამ სათანადო კვალიფიკაცია მიანიჭოს პოლიციელების მიერ ჩადენილ ქმედებებს, საქმე კი სრულყოფილად და ეფექტიანად გამოიძიოს.

სერგეი ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სირბილის დროს, ის პოლიციის ექვსმა თანამშრომელმა გააჩერა და სასაფლაოზე გადაიყვანა, სადაც დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდათ. მისი თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, სახეზე დანით გაკაწრეს და გააშიშვლეს. ამავდროულად, იარაღით ემუქრებოდნენ, მათ შორის, იარაღს თავზე, გულმკერდსა და სხეულის სხვა ნაწილებზე ადებდნენ. ასევე, აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის ქმედებას. მისივე განცხადებით, ძალადობას თან ახლდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფრაზები, რომლებიც მის პროევროპულ პოზიციას უკავშირდებოდა. ამ ძალადობის შედეგად სერგეი იძულებული გახდა, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დროებით დაეტოვებინა ქვეყანა.

სერგეი ყანჩელის მიერ აღწერილი ქმედებები არა მხოლოდ ძალადობისა და მუქარის, არამედ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს შეიცავს. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პროკურატურამ მათ სათანადო კვალიფიკაცია მიანიჭოს და გამოძიება მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე არ წარმართოს. ამავდროულად, აუცილებელია, გამოძიებამ სრულად დაადგინოს, რა მოხდა 27 სექტემბერს, ვინ მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებებში, ხომ არ იყვნენ მათში ჩართული ზემდგომი თანამდებობის პირებიც და იყო თუ არა ძალადობის მოტივი დაკავშირებული სერგეი ყანჩელის სამოქალაქო აქტივიზმთან.

სერგეი ყანჩელის მიერ აღწერილი ძალადობა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის მორიგ გამოვლინებად შეიძლება შეფასდეს, რომლის მიზანია, დააშინოს ქვეყნის ყველაზე აქტიური მოქალაქეები - სერგეის მსგავსი ახალგაზრდა ადამიანები და აიძულოს ისინი, ჩამოსცილდნენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.

საქართველოს მომავლის აკადემია მზადაა, გაუწიოს იურიდიული დახმარება სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულ მოქალაქეებს და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ პატრიოტთა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

სოლიდარობას ვუცხადებთ სერგეისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტში ჩართულ ყველა მოქალაქეს, რომელიც უკანონო ქმედებების შედეგად დაზარალდა!