„საქართველოს მომავლის აკადემია“ კოალიციური სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ ფარგლებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა, მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

მისია 2000-მდე მოქალაქეს აერთიანებდა, აქედან 1000-მდე დამკვირვებელი უბნებზე „საქართველოს მომავლის აკადემიის“ სახელით აკვირდებოდა არჩევნებს.

არჩევნების დღე არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. დღის მანძილზე ჩვენს დამკვირვებლებზე არაერთხელ განხორციელდა ზეწოლა, დაკვირვებაში ხელის შეშლა, საჩივრების არჩაბარება, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, საარჩევნო უბნიდან უმიზეზოდ გაძევება და სხვა. არც არჩევნების დღეს, არც შემდგომ, აღნიშნულ კანონდარღვევებზე ცესკოს ან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა:

🔸 ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა;

🔸 სხვის ნაცვლად ხმის მიცემა/განმეორებით ხმის მიცემა;

🔸 მარკირების არშემოწმება და მარკირების გარეშე ხმის მიცემა;

🔸 ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა;

🔸 რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შეუძლებლობა;

🔸 დაკვირვების განხორციელებაში ხელის შეშლა;

🔸 დამკვირვებლებზე/ამომრჩევლებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა;

🔸 უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა;

🔸 კომისიის წევრების მხრიდან აგიტაცია;

🔸 ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი;

🔸 გადასატანი ყუთისა და ბიულეტენების დაზიანება.

არსებობს ზემოჩამოთვლილი დარღვევის უამრავი მტკიცებულება. შესაბამისად, საარჩევნო პროცესი ვერ ჩატარდა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, არჩევნები არ იყო დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭირვალე.

ამ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს!