საქართველოს მომავლის აკადემია ტელეკომპანია “იმედს” უჩივის და მოითხოვს მის ეთერში გაჟღერებული მცდარი ფაქტების შესწორებას, აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების დარღვევისათვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს განხორციელებული ცვლილებების თანახმად დაუშვებელია მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულების საპირისპიროდ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები სისტემატიურად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენენ საქართველოს მომავლის აკადემიის საქმიანობას და საზოგადოებაში აღვივებენ მტრულ დამოკიდებულებას ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელი პირებისა და პროექტებში ჩართული ახალგაზრდების მიმართ.
ამავდროულად, მოქმედი კანონით მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. ამ ვალდებულების საპირისპიროდ იმედის ჟურნალისტმა მარიამ ოშხნელმა სატელეფონო ზარისას მოიტყუა რომ იყო მშობელი და სურდა აკადემიის პროექტებში მისი შვილის ჩართვა. მას არ გაუმჟღავნებია რომ იყო ჟურნალისტი და იწერდა საუბარს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მომავლის აკადემია მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, როგორც მაუწყებლების საზედამხედველო ორგანოს, ამ დარღვევებისთვის დააკისროს პასუხისმგებლობა ტელეკომპანია “იმედს”.
აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს მომავლის აკადემია და მისი დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბძე ტელეკომპანია იმედისგან ითხოვენ მათი საქმიანობის შესახებ ეთერში გასული მცდარი ფაქტების აღიარებას და შესწორებას. კანონის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად. ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულის საპირისპიროდ ტელეკომპანია იმედი “იმედის კვირის” სიუჟეტებში პერმანენტულად ავრცელებს სიმართლესთან შეუსაბამო ცნობებს და ცილს სწამებს აკადემიასა და მის ხელმძღვანელ პირებს.
საქართველოს მომავლის აკადემია აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ კონტროლირებული პროპაგანდისტული ტელევიზიების მიზანმიმართული ცილისმწამებლური ბრალდებები და გეგმავს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქართული ოცნების ავტორიტარული მისწრაფებების საპირწონედ საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფლების კერები და ახალგაზრდებს მიეცეთ ევროპული სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა.