13–14 დეკემბერს საქართველოს მომავლის აკადემია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნებს დააკვირდა.

13 დეკემბერს ასოციაციის საერთო კრებაზე ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ონლაინ რეჟიმში აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისიის წევრები, ხოლო 14 დეკემბერს გაიმართა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები.

საქართველოს მომავლის აკადემიის დაკვირვება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ არჩევნების პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შეფასებას, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული პრაქტიკისა და შესაძლო რისკების შესწავლას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მთლიანობაში უზრუნველყო არჩევნების ორგანიზება ისე, რომ არჩევნების დღეს კანდიდატებისთვის თანაბარი პირობები შეექმნა და დაცული ყოფილიყო პროცესის გამჭირვალობა. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის მიერ შემუშავებული რეგლამენტი რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე მკაფიო პასუხებს არ იძლეოდა, მათ შორის, ბუნდოვანი იყო დამკვირვებელთა უფლებამოსილების ფარგლები, ადგილზე დამკვირვებლებს არ შექმნიათ დაბრკოლება დაკვირვების პროცესთან დაკავშირებით. დადებითად უნდა შეფასდეს ისიც, რომ ხდებოდა არჩევნების პროცესის გადაღება და მისი პირდაპირი ტრანსლირება.

რაც შეეხება ტექნოლოგიების გამოყენებას, ამ მიმართულებით აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

ა) 13 დეკემბერს ხმის დამთვლელი კომისიის წევრთა არჩევა ადგილზე რეგისტრირებულ ადვოკატებს ელექტრონულად, ღია კენჭისყრით შეეძლოთ. პროცესი ითვალისწინებდა ერთჯერადი კოდის გაგზავნას დელეგატის მობილურ ტელეფონზე, რის შემდეგაც კოდის და პირადი ან სიითი ნომრის შეყვანით ისინი უნდა შესულიყვნენ სპეციალურ პორტალზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესის დაწყებისას ადვოკატთა ნაწილს შეექმნა პრობლემები SMS-კოდის მიღებასთან დაკავშირებით, ხოლო ნაწილს დასჭირდა ტექნიკური დახმარება ხმის მიცემის პროცედურის გასავლელად. 

მისასალმებელია ასოციაციის მიერ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, თუმცა აუცილებელია სამომავლოდ ასოციაცია კიდევ უფრო მომზადებული შეხვდეს გამოსაყენებელ სისტემასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სირთულეებს, ამავდროულად კი იზრუნოს მომხარებლების ცნობიერების ამაღლებაზე ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. 

ბ) 14 დეკემბერს ხმის მიცემა განხორციელდა Smartmatic-ის სპეციალური აპარატების გამოყენებით. საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ცესკოს მიერ მოწოდებულ აპარატებს დამატებითი საფარი ჰქონდა, რაც ხმის ფარულობის შედარებით უკეთ დაცვას უზრუნველყოფდა. მიუხედავად ამისა, ბიულეტენზე მონიშნული წრე კვლავ ჟონავდა ფურცლის მეორე მხარეს. ხმის ფარულობას პრაქტიკაში მხოლოდ ის გარემოება უზრუნველყოფდა, რომ ბიულეტენზე მონიშნული წრეების რაოდენობა დიდი იყო და კონკრეტული ამომრჩევლის არჩევანის იდენტიფიცირება გართულებული რჩებოდა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბიულეტენის სკანერში შეყვანისას ადვოკატთა აბსოლუტურ უმრავლესობას ტექნიკური პერსონალის დახმარება დასჭირდა.

13–14 დეკემბერს ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადჰყო, რომ ნებისმიერი ტიპის არჩევნებში აუცილებელია ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის იქნება მარტივად გამოსაყენებელი და არ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას ან ტექნიკური პერსონალის ჩართულობას (მაგალითად, მნიშვნელოვანია იმგვარი ჩარჩო-კონვერტების გამოყენება, რომელიც ბიულეტენის სკანერში შეყვანას გაამარტივებს). ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების და ტექნოლოგიური უნარების სისტემური გაძლიერებაც.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში არ გამოვლენილა ხმის განმეორებით მიცემის ან გაყალბების სხვა, მსგავსი შემთხვევები, აღნიშნული გარემოება უფრო მეტად ასოციაციის პოლიტიკური ნების, თავად ადვოკატების და პროცესის გამჭვირვალობის შედეგია, ვიდრე გამოყენებული ტექნოლოგიური და პროცედურული გადაწყვეტების. ამგვარი მიდგომა არ წარმოადგენს საკმარის გარანტიას მომავალში შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად. იმ შემთხვევაში თუკი სამომავლო არჩევნებში ცესკომ და სხვა პასუხისმგებელმა სუბიექტებმა არ დანერგეს ახალი დამზღვევი მექანიზმები ხმის ფარულობის და საარჩევნო პროცესის სანდოობის უზრუნველსაყოფად, პროცესი ისეთივე დარღვევევით ჩატარდება, როგორც ეს შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს იყო.